თეგი: სავიზო რეჟიმი

უკრაინა რუსებისთვის სავიზო რეჟიმს შემოიღებს

უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ 2022 წლის 1-ელი ივლისიდან ქვეყანა რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმს შემოიღებს. ამის შესახებ უკრაინის ლიდერმა სოციალურ ქსელში დაწერა. ზელენსკიმ თქვა, რომ მთავრობას უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის მოქალაქეების შესვლის რეჟიმის საკითხის გადახედვა შესთავაზა. პრეზიდენტის თქმით, მინისტრთა კაბინეტის დაგეგმილი გადაწყვეტილებით, უკრაინა ივლისის დასაწყისიდან სავიზო რეჟიმს ამოქმედებს. თავის მხრივ, უკრაინის პრეზიდენტის აპარატის ხელმძღვანელმა, ანდრეი ერმაკმა განაცხადა, რომ მთავრობამ გადაწყვეტილება უკვე მიიღო. „უსაფრთხოება დღეს პრიორიტეტია. რუსეთის მიერ დაწყებული სრულმასშტაბიანი ომის ფონზე აუცილებელია რუსეთის მოქალაქეების უკრაინის ტერიტორიაზე შემოსვლაზე კონტროლის რეჟიმის გაძლიერება“, - განაცხადა იერმაკმა. ამასთან, რუსეთი როგორც საპასუხო ღონისძიებას არ გეგმავს უკრაინელებისთვის ვიზების შემოღებას, განუცხადა „ინტერფაქსს“ სახელმწიფო სათათბიროს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის ხელმძღვანელმა ლეონიდ სლუცკიმ. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა  

რუსეთი ევროკავშირთან გამარტივებული სავიზო რეჟიმის შეჩერებას გამოეხმაურა

CNN რუსულ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ რუსეთი სავიზო რეჟიმის გამარტივების შესახებ შეთანხმების შეჩერების გამო იმუქრება.  მოსკოვი აცხადებს, რომ ეს გადაწყვეტილება უპასუხოდ არ დარჩება.  „ჩვენ თვითონ გადავწყვეტთ, იქნება თუ არა ზომები სიმეტრიული, ასიმეტრიული თუ ის, რასაც ევროკავშირი არ ელის“, - განცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე გრუშკომ. პოლიტიკური შეთანხმება რუსეთთან გამარტივებული სავიზო რეჟიმის შეთანხმების სრულად შეჩერების შესახებ მიღწეულია, – ამის შესახებ საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმა განაცხადა.  

რუსეთში, საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმებას არ გამორიცხავენ

რუსეთში, საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმებას არ გამორიცხავენ. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, მიხაილ გალუზინმა რუსულ სამთავრობო-პროპაგანდისტულ მედია ТАСС-ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. „რაც შეეხება საქართველოს მოქალაქეების რუსეთში მოგზაურობისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმების პერსპექტივებს, არ გამოვრიცხავთ პოზიტიური გადაწყვეტილებების მიღებას, როგორც კი ამის აუცილებელი წინაპირობა ჩამოყალიბდება“, - განაცადა მიხაილ გალუზინმა. მისივე თქმით, რუსეთსა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა თბილისზეა დამოკიდებული. „რაც შეეხება დიპლომატიურ ურთიერთობას, მსურს შეგახსენოთ, რომ ის თბილისის ინიციატივით 2008 წელს გაწყდა. [თბილისი] სამწუხაროდ, განაგრძობს მისი აღდგენის შესაძლებლობის უგულებელყოფას თავისი პოლიტიკური მოთხოვნებით, რომლებიც რეგიონში ახალ რეალობასთან წინააღმდეგობაში მოდის. ამრიგად, ბურთი კვლავ ქართულ მხარესაა", - განაცხადა მიხაილ გალუზინმა.  რაც შეეხევა საქართველოსთან ეკონომიკურ ურთიერთობებს, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის თქმით, რუსულ-ქართული თანამშრომლობა ვითარდება. „მიმდინარე წლის 11 თვეში სავაჭრო ბრუნვა, 2021 წლის ამავე პერიოდთან შედარებით, ერთნახევარჯერ გაიზარდა და 2.2 მილიარდ დოლარს გადააჭარბა. ვაჭრობასთან ერთად იზრდება ტურიზმისა და ფულადი გზავნილების მაჩვენებელიც“.   

ყაზახეთი რამდენიმე ქვეყნისა და მათ შორის რუსეთის მოქალაქეებისთვის ქვეყანაში ყოფნის ვადებს ამცირებს

ყაზახეთის მთავრობამ. ემიგრანტებისთვის ქვეყანაში შესვლისა და ყოფნის წესები გაამკაცრა. მთავრობამ შესაბამისი გადაწყვეტილება დღეს გამოაქვეყნა. კერძოდ, უვიზო ემიგრანტებს შეეძლებათ ყაზახეთში დარჩენა საზღვრის გადაკვეთის დღიდან 30 დღემდე, ჯამში - 90 დღე ყოველი 180 კალენდარული დღის განმავლობაში. ევრაზიის ეკონომიკური კავშირის წევრი ქვეყნების მოქალაქეებისთვის, რომელშიც შედის რუსეთი, ახალი წესები ითვალისწინებს ყაზახეთში 90 დღის განმავლობაში დარჩენას [180 დღიანი პერიოდის განმავლობაში]. ამრიგად, ახალი წესების მიხედვით, შეუძლებელი იქნება ყაზახეთიდან გასვლა და უკან დაბრუნება, ანუ შეუძლებელი იქნება ე.წ. „ვიზარანის“ (Visa Run – საზღვრის გადაკვეთა ლეგალური ყოფნის ვადების განახლებისთვის) განხორციელება. ახალი წესები 26 იანვრიდან ამოქმედდება, იუწყება „რადიო თავისუფლების“ ყაზახური სამსახური. ყაზახეთი რუსების ემიგრაციის ერთ-ერთ მთავარ მიმართულებად იქცა მას შემდეგ, რაც სექტემბერში უკრაინაში ომისთვის მობილიზაცია გამოცხადდა. FSB-ის სასაზღვრო სამსახურის მონაცემებით, გასული წლის მესამე კვარტალში რუსეთის თითქმის 1,3 მილიონი მოქალაქე გაემგზავრა ყაზახეთში, აღნიშნავს მედიაზონა. კიდევ ერთი ასეთი მარშრუტი უვიზო რეჟიმისა და ბინადრობის ნებართვის მიღების მარტივი პროცედურის გამო საქართველო იყო.